ჯო ბაიდენი - ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის
ჯო ბაიდენი - ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის

ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანადაში სტუმრობის დროს განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პეკინი მოსკოვს სამომავლოდ არ მიაწვდის შეიარაღებას, თუმცა ამ დროისთვის არ გაუგზავნია.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პირობა დადეს, რომ ერთად დადგებიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.

„რუსეთის სასტიკი შეჭრის მეორე წელია და ჩვენი ერთობა არ დაირღვევა. ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ზეწოლა პუტინზე ჩვენი ისტორიული სანქციებითა და ტარიფებით. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სწავლებით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, რომ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ალიანსები. მე არ მინახავს, ეს მომხდარიყო ჩინეთთან, რუსეთთან ან სხვა ვინმესთან მსოფლიოში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.