ჯო ბაიდენი - ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ 20 დაშავდა
ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ 20 დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ამ მისიის დროს დაიჭრა 20 ჯარისკაცი და 13-მა გმირმა გაწირა საკუთარი სიცოცხლე“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ჯარების გაყვანისა და ევაკუაციის ოპერაცია არ იყო სამხედრო მისია, არამედ ეს იყო „წყალობის“ მისია.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთიდან გასვლა ხაზს უსვამს იმას, რომ ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნების გარდაქმნის მცდელობების ეპოქა დასრულდა.
„ავღანეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. ეს არის დიდი სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასასრული, რომლებიც სხვა ქვეყნების გარდაქმნას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა ბაიდენმა.