ჯო ბაიდენი - აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს
ჯო ბაიდენი - აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს

აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება და მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

მისი თქმით, მათი სწრაფად გაწევრიანებისთვის აშშ-ის კონგრესსა და ნატო-ს მოკავშირეებთან იმუშავებს.

„ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. ნატო-ში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, აშშ შეინარჩუნებს მის აქტიურ სწავლებასა და არსებობას ბალტიის ზღვის რეგიონში. ვიდრე მათი ნატო-ში გაწევრიანება განიხილება, აშშ იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების წინაშე და შეაკავოს აგრესია ან აგრესიის საფრთხე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბაიდენი 19 მაისს ვაშინგტონში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს უმასპინძლებს.