ჯო ბაიდენი - აშშ საერთაშორისო ფორუმების მაგიდასთან დაბრუნდა და განაახლა ალიანსები
ჯო ბაიდენი - აშშ საერთაშორისო ფორუმების მაგიდასთან დაბრუნდა და განაახლა ალიანსები

აშშ საერთაშორისო ფორუმების მაგიდასთან დაბრუნდა და განაახლა ალიანსები, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ბოლო რვა თვის განმავლობაში პრიორიტეტად ვაქციე ალიანსების განახლება და პარტნიორობის გამოცოცხლება. ვაღიარე, რომ ეს პარტნიორობა არის გადამწყვეტი და ცენტრალური აშშ-ის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ დავადასტურეთ ერთგულება ნატო-ს ალიანსისადმი და კერძოდ, მეხუთე მუხლისადმი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან ერთად ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რაც ნატო-ს ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. ჩვენ განვაახლეთ თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ფუნდამენტური პარტნიორი მსოფლიოს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში. ჩვენ გავზარდეთ ოთხმხრივი პარტნიორობა ავსტრალიასთან, ინდოეთთან და იაპონიასთან, რათა ვუპასუხოთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჯანდაცვის უსაფრთხოება, კლიმატი და უახლესი ტექნოლოგიები“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან და ორიენტირებულია ადამიანის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობაზე.

„აშშ დაბრუნდა საერთაშორისო ფორუმების მაგიდასთან, განსაკუთრებით გაერო-ში, რათა ფოკუსი მოვახდინოთ და ვიმოქმედოთ საერთო გამოწვევებზე. ჩვენ კვლავ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ვმუშაობთ კოვაქსთან, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინები მთელ მსოფლიოში ჩავიტანოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი