ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართა.

საზეიმო ცერემონიაზე ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე, იმ ბიბლიაზე დაიფიცა, რომელიც მის ოჯახში 1893 წლიდან ინახებოდა და მასზე ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში მანამდე უკვე ორჯერ წარმოთქვა.

საზეიმო ფიცის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოქალაქეებს საინაუგურაციო სიტყვით მიმართა.

„ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა, ისტორიისა და იმედის დღე, განახლების დღე. ამერიკა გამოწვევებს უძლებს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის არსს. ხალხის ნება აღსრულდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დემოკრატია არის ფაქიზი და დღეს დემოკრატიამ გაიმარჯვა“, – განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ „ყველას პრეზიდენტი იქნება“.

ბაიდენამდე საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში კამალა ჰარისმა წარმოთქვა.

46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დასწრებია. მან თეთრი სახლი 20 იანვარს, დილით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.