ჯო ბაიდენი - ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, ჩვენს განსხვავებებს საარჩევნო ყუთთან ვწყვეტთ და არა - იარაღის ლულით
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტზე და წლევანდელ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ჯო ბაიდენის თქმით, პოლიტიკური ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა საიდუმლო სამსახურს სიტუაციასთან გამკლავებისთვის.
„ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. ამერიკაში ჩვენს განსხვავებებს საარჩევნო ყუთთან ვწყვეტთ და არა – იარაღის ლულით“, – აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ინციდენტი ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში მოხდა. როგორც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, პრეზიდენტობის კანდიდატი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია. გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო.