ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა კვლავ რჩება სივრცე დიპლომატიისთვის
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა კვლავ რჩება სივრცე დიპლომატიისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ახლა ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიის სივრცე კვლავ რჩება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მომენტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო; ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ამისი გვჯეროდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფაქტები მოწმობს რუსული ჯარების მხრიდან უკრაინის ალყაში მოქცევას ბელარუსის ტერიტორიიდან, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სამხრეთით, შავ ზღვამდე. მისი თქმით, საუბარია 150 ათასზე მეტ რუს სამხედროზე.

„გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები გეგმავენ უკრაინაზე თავდასხმის მცდელობას უახლოეს კვირაში, უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი შეეცდება, მიზანმიმართულად დაარტყას კიევს. ბაიდენის განცხადებით, რუსული დეზინფორმაცია პუტინის მხრიდან ამ ნაბიჯის გადასადგმელად ცრუ გამართლების საფუძველს ქმნის. მისი თქმით, რუსული სახელმწიფო მედიის მხრიდან დეზინფორმაციის მრავალი მაგალითია, მათ შორის დონბასის რეგიონში „გენოციდის თაობაზე“ ყალბი განცხადება.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ცნობები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტების შესახებ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მხრიდან, რომლებიც დონბასში უკრაინის პროვოცირებას ცდილობდნენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავის გეგმებს თუ განახორციელებს, ის იქნება პასუხისმგებელი კატასტროფულ და არასაჭირო ომზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.