ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეთავაზებაზე „ჰამასის“ პასუხი „ცოტა გადაჭარბებულია“, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეთავაზებაზე „ჰამასის“ პასუხი „ცოტა გადაჭარბებულია“, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ჰამასის“ პასუხი მძევლების საკითხის შესახებ შეთანხმებაზე „ცოტა გადაჭარბებულია“, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება.

ამერიკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან სენატის სასაზღვრო კანონპროექტს, უარს ამბობენ იმ ადამიანების დახმარებაზე, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას.

„ეს ორპარტიული შეთანხმება ისრაელს აძლევს იმას, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად, „ჰამასის“ ტერორისტებისგან თავის დასაცავად. ასევე, ის უზრუნველყოფს აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი ხალხისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, კატარის პრემიერ-მინისტრის, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალთანის განცხადებით, „ჰამასმა“ უპასუხა წინადადებას, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, „ჰამასის“ პასუხი რამდენიმე შესწორებას მოიცავს, თუმცა, ზოგადად, ის „პოზიტიურია.“ ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს „ჰამასის“ პასუხს, შემდეგ კი, ისრაელში ვიზიტისას ამ საკითხზე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად იმსჯელებს.