ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, რომელსაც ბრალი ედება საიდუმლო ჩანაწერების გავრცელებაში
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, რომელსაც ბრალი ედება საიდუმლო ჩანაწერების გავრცელებაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალაზე აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების 21 წლის წევრს, რომელსაც ბრალი ედება სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ჩანაწერების გავრცელებაში, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ირლანდიაში სამდღიანი ვიზიტის დასასრულს, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, დეპარტამენტს დავავალე, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა მას წვდომა ამ დოკუმენტებზე; და მეორე, ფოკუსირება იმაზე, რა მასშტაბით მოხდა ეს ყველაფერი. იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც უკვე ითქვა. შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, რამდენი ხანი დასჭირდება გამოძიებას, მაგრამ არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს. ვფიქრობ, რომ არსს უფრო მალე მივაკვლევთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. 21 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT-სპეციალისტად მუშაობდა.