ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას არ ნანობს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას არ ნანობს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას არ ნანობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთში მოქმედებებს განაგრძობს, ის არ ნანობს ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას. მან ავღანეთის ლიდერებს გაერთიანებისკენ და ერისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სრულად ასრულებს ავღანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც საჰაერო მხარდაჭერას, ავღანეთის შეიარაღებული ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებასა და დაფინანსებას გულისხმობს. მისი თქმით, მათ საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლონ.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ქვეყნის 34 პროვინციული დედაქალაქიდან სულ მცირე ცხრაზე დაამყარა კონტროლი. გარდა ამისა, ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, „თალიბანი“ დედაქალაქ ქაბულზე კონტროლს 90 დღეში დაამყარებს.

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო თვეში დაჯგუფებასა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „იუნისეფის“ განცხადებით კი, ბავშვების მიმართ განხორციელებული სისასტიკე დღითიდღე იზრდება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის შეფასებით, სახელმწიფოს დაშლის შემთხვევაში, ავღანეთში იდეალური პირობები შეიქმნება საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის განვითარებისთვის.