ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზა შეიძინა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზა შეიძინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომპანია „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზა შეიძინა, – განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.

„ვიდრე მეცნიერები რეკორდულ დროში ვაქცინის შექმნაზე მუშაობდნენ, ჩემი წინამორბედი საკუთარ საქმეს არ აკეთებდა, რომ ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის მოემზადებინა. ჩვენ ყველაფერს მალევე ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა 100 მილიონი დოზა „ფაიზერისგან“ შეიძინა, 100 კი „მოდერნასგან“. ვაქცინის ამ დოზებს ქვეყანა დაახლოებით ივლისში მიიღებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების, ასევე ლეტალური შემთხვევების კუთხით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 400 ათასზე მეტი ადამიანი.

დატოვე კომენტარი