ჯო ბაიდენი - 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ჯო ბაიდენი - 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, 14 აგვისტოდან მოყოლებული ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ევაკუაციის პროცესის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება „თალიბანის“ მხრიდან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ქვეყნის დატოვების მსურველების აეროპორტში დაშვებაზე და პროცესის შეუფერხებლობაზე.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან პენტაგონისგან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვა სათადარიგო გეგმის შედგენა საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის. მისი თქმით, ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხე ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-K-დან და ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალიდან მომდინარეობს, რომლებიც აეროპორტზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავენ.

აშშ-ის პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განხილულ თემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ლიდერებს შორის იყო ძლიერი შეთანხმება, როგორც ევაკუაციის პროცესთან, ისე ავღანეთთან სამომავლო მიდგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოკავშირეები ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იდგნენ და ავღანეთიდან მომავალ გამოწვევებს ერთობით უნდა შეხვდნენ.

პრეზიდენტი ავღანეთიდან დევნილების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ავღანეთიდან დევნილებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხში აშშ იქნება ლიდერი და საერთაშორისო პარტნიორებისგანაც იმავეს მოელის. ბაიდენის განცხადებით, ავღანეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აშშ-ში ჩავა, შემოწმებულ იქნება.