„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს
„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში 7 ნოემბერს წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, 64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება და 16 სახანძრო ჰიდრანტი ეწყობა.

„მიმდინარე სამუშოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ერთდროულად 12 მონაკვეთზე შეასრულებენ.

პარალელურად, ახალ ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 6 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში – წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199, ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20 ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 , N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევი, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200, თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55; თევდორე მღვდლის 1-ლი და მე-2 ჩიხები, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩები.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.