ჯიმი ტაბიძე - ზუსტად ვიცი, რა გუნდში ვიმყოფები და ვეცდები, მიზნების მიღწევაში დავეხმარო #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძე - ზუსტად ვიცი, რა გუნდში ვიმყოფები და ვეცდები, მიზნების მიღწევაში დავეხმარო #1TVSPORT

ჯიმი ტაბიძემ „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა და 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბში გადასვლის წინაპირობაზე ისაუბრა – მისი თქმით, მთავარი თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი იყო.

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. „დინამო თბილისის“ მაისურის ტარება ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვეცდები, ეს ყველაფერი ღირსეულად გავაკეთო. ყველამ კარგად იცის, რომ ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი დრო გამიცდა და ვფიქრობ, ნაცნობი გარემო დამეხმარება, სათამაშო ფორმა ფიზიკურად და მენტალურად რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო. მნიშვნელოვანი იყო მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი, რომელთანაც შედარებით პატარა ასაკში ვმუშაობდი. მას პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის“, – ამბობს ტაბიძე.

ტაბიძე რუსული პრემიერლიგის „უფას“ ფეხბურთელი იყო. 2021 წელს უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე დაბრუნება ვერ შეძლო. ამის ფონზე მოულოდნელად ივნისში ბელგიის უმაღლესი ლიგის „კორტრაიკში“ ჩაირიცხა, მაგრამ კიდევ უფრო მოულოდნელი მისი გუნდიდან წამოსვლა და „დინამოში“ ჩარიცხვა აღმოჩნდა.

„დინამოს“ 26 წლის ახალწვეულმა გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

„მინდა მივმართო „დინამო თბილისის“ გულშემატკივრებს. ზუსტად ვიცი, რა გუნდში ვიმყოფები, 100 პროცენტით გათავისებული მაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა და ყველანაირად ვეცდები, ფორმა რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო და გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.

ტაბიძემ კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, მერე იყო ბელგიური „გენტი“, ეკატერინბურგის „ურალი“ და „უფა“. 26 წლის მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.