ჯიმი ტაბიძე - ეს აღიარება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო
ჯიმი ტაბიძე - ეს აღიარება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო

საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე ინტერნეტ-პორტალმა „სპორტსმა“ რუსეთის პრემიერლიგის „უფას” წლის ფეხბურთელად დაასახელა. ქართველი მცველის დიდი პროგრესი არც გამოცემა „ნიუს.რუ“-ს გამორჩენია და რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეიყვანა.

გამოცემამ სიმბოლური გუნდში ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც სეზონის განმავლობაში ტურის ვარსკვლავების გუნდში ყველაზე მეტჯერ მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გამოცემამ ჯიმი ტაბიძე საუკეთესოდ მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაასახელა და უფრო წინ დააყენა, ვიდრე უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი იაროსლავ რაკიცკი პეტერბურგის „ზენიტიდან“ და მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი გიორგი ჯიქია.

„ეს აღიარება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ეს გუნდის დამსახურებაა, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა. თავადაც ჩემპიონატი სტაბილურად ჩავატარე და რა თქმა უნდა, ასეთი შეფასება ძალიან მახარებს,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ჯიმი ტაბიძე.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება ძალიან ახარებს, რომელიც სიმბოლურ გუნდში მარცხენა შემტევ ნახევარმცველად დააყენეს და „ტამბოვის“ შემტევს, გეორგი მელქაძესა და „ზენიტის“ გამოცდილ მოთამაშეს, იური ჟირკოვს ამჯობინეს: „ამ სიმბოლურში ხვიჩა კვარაცხელაის მოხვედრამ ძალიან გამახარა. ბოლო დროს ყველა მასზე მეკითხება. ხვიჩამ ძალიან მოუმატა და ამას ყველა ხედავს“.

ჯიმი ტაბიძის თქმით, ბელორუსთან შეხვედრას მოუთმენლად ელის: „ამ შეხვედრას ჯერ კიდევ მარტიდან მოუთმენლად ველით. ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულები, ეს მატჩი როდის ჩატარდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება“.

24 წლის მცველმა საქართველოს პირველ არხთან ქართველი მოთამაშეების მზადყოფნაზეც ილაპარაკა: „ფაქტია, რომ კარანტინის შემდეგ საქართველოს ნაკრების ბევრი მოთამაშე კარგად გამოჩნდა. მაგალითად, კვარაცხელია, კიტეიშვილი და ეს ძალიან მახარებს. მჯერა, ბელარუსთან შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ და ყველა ჩვენგანის ოცნებას ავიხდენთ“.