ჯიმ რიში - ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას, 2012 წელს ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა
ჯიმ რიში - ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას, 2012 წელს ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა

ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ“, – უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

მან განაცხადა, რომ დავით ზალკალიანთან განსახილველ საკითხებს შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.

„ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, – განუცხადა მან „ამერიკის ხმას“.