ჯიმ რიში - მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში უნდა დასანქცირდნენ, მოდით, დავიწყოთ
მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში უნდა დასანქცირდნენ, მოდით, დავიწყოთ, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმედგაცრუებულია, რომ ეს აქამდე არ გაკეთდა.
„ტაქტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იყენებს, არის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთში იყენებენ. ეს არის სისასტიკე. ის მოიცავს წამებას, დაპატიმრებებს, ყველაფერს, რასაც ძველი საბჭოთა კავშირიდან ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ. არა მხოლოდ კონსტიტუციაში, გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 80%-ს სურს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო შემაშფოთებლად იქცევა, მათ შორის ახორციელებს მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებასა და წამებას, მაგრამ არსებობს იმედი. ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ეს არ არის საიდუმლო. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი, მათ იციან ვინ არიან, სახელმწიფო დეპარტამენტმა იცის, ვინ არიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, ვინ არიან. ასე რომ, მოდით, დავიწყოთ.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩვენ ეს აქამდე არ გავაკეთეთ. არ მესმის, რატომ არ განხორციელდა აქამდე? არ ვიცი, არაკომპეტენტურობის ბრალია, სიზარმაცის თუ სხვა რამის, მაგრამ არ გაგვიკეთებია. მინდა, მოვუწოდო ადმინისტრაციას, ჩაერთოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს. ქართველ ხალხს არ სურს საბჭოთა კავშირში ან რუსეთში დაბრუნება. მათ სურთ დასავლეთისკენ ყურება, უნდათ, იყვნენ ევროკავშირის, ნატო-ს ნაწილი. მოდით, დავეხმაროთ, მივცეთ შანსი, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.