ჯილიენ სტირკი - ჩვენი ფუნქცია არ მოიცავს დახმარებას ან ჩარევას, ჩვენი როლი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება, რაც ანგარიშებში აისახება
ჯილიენ სტირკი - ჩვენი ფუნქცია არ მოიცავს დახმარებას ან ჩარევას, ჩვენი როლი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება, რაც ანგარიშებში აისახება

დავაკვირდებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადმინისტრაციული მომზადება, ამომრჩევლებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, კამპანიის დაფინანსება, მედიაგარემო და დავების გადაჭრა, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებებში ყოველთვის უზრუნველყოფილია მიუკერძოებლობა და თანმიმდევრულობა.

„არჩევნებზე დაკვირვებას ვაწარმოებთ ოდირის დამკვიდრებული საარჩევნო-სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის საფუძველზე და ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელიც უკვე 20 წელია ვითარდება და უმჯობესდება დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე. ეს არის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ეუთო-ს წევრ 57 სახელმწიფოში 370 არჩევნებზე დაკვირვების შედეგად. ჩვენი სადამკვირვებლო საქმიანობა ხორციელდება კენჭისყრის დღემდე, უშუალოდ ამ დღის განმავლობაში და კენჭისყრის დღის შემდეგ.

ჩვენი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ფარგლებში, დავაკვირდებით ისეთ საკითხებს,როგორიც არის ადმინისტრაციული მომზადება, ამომრჩევლებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, კამპანიის დაფინანსება, მედიაგარემო და გაშუქება, ასევე სამართლებრივი ჩარჩო და დავების გადაჭრა. შესაბამისად, ჩვენ შევხვდებით საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, შეხვედრა გვექნება მედიის წარმომადგენლებთან და ასევე, შეხვედრები გაიმართება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

ჩვენს მისიაში ასევე, შედის მედიამონიტორინგის კომპონენტი, რომელშიც უკვე მომზადდება თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება. ეს შეეხება უშუალოდ მედიას, როგორ შუქდება არჩევნები მედიის მეშვეობით. ჩვენს შეფასებებში ყოველთვის უზრუნველვყოფთ მიუკერძოებლობას და თანმიმდევრულობას, მაშინაც კი როდესაც იმავე ქვეყანაში ვბრუნდებით, სადაც ადრე ვაკვირდებოდით არჩევნებს. ჩვენ ამ შეფასებებთან დაკავშირებით ნათელი კრიტერიუმები გვაქვს. ეს არის ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები, საერთაშორისო სტანდარტი და ასევე, რაც  ეროვნულ დონეზე არსებულ კანონმდებლობას უკავშირდება“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისა და შეფასების პროცესში მისია ითვალისწინებს ადრე გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხსაც. ჯილიენ სტირკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიისთვის მნიშვნელოვანია არა არჩევნების შედეგები, არამედ პროცესი.

„ასევე, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვადარებთ ადრე განხორციელებულ სხვა რომელიმე არჩევნებს არც ამ ქვეყანაში და არც სხვგან. ჩვენი ფუნქცია არ მოიცავს არც ზედამხედველობის ან დახმარების გაწევას, არც ჩარევას. ჩვენი როლი და ფუქნცია იქნება, უბრალოდ დავაკვირდეთ და ეს დაკვირვება აისახება სამომავლოდ მომზადებულ ანგარიშებში.

ჩვენს შუალედურ ანგარიშს გამოვცემთ კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე და ეს იქნება უშუალოდ საარჩევნო პროცესის აღწერა. შემდეგ, კენჭსყრის მეორე დღეს გავმართავთ პრესკონფერენციას და ამ დღეს უკვე ჩვენი მიგნებების შესახებ გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენი საარჩევნო ანგარიში გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რვა კვირის თავზე და აქ უკვე მოცემული იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციებში მითითებული იქნება ისიც, თუ როგორ სურს ოდირს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელება და რა სახის დახმარების გაწევა იქნება საჭირო, რათა პროცედურები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ქვეყნის მხირდან ეუთო-ს მიმართ არებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.

დატოვე კომენტარი