ჯილიან სტირკი - ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კანონმდებლობის ფარგლებში იმართება, დაბალი ბარიერის გამო მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი უფრო დინამიკურია
ჯილიან სტირკი - ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კანონმდებლობის ფარგლებში იმართება, დაბალი ბარიერის გამო მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი უფრო დინამიკურია

ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი უფრო დინამიკურია, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა განაცხადა.

„პირველ ყოვლისა, ჩემთვის სასიამოვნოა, რომ მომეცა შესაძლებლობა, დამკვირვებელი ვყოფილიყავი ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებზე. ჩვენ აქ ვიმყოფებით სექტემბრის ბოლოდან და ძალიან ყურადღებით ვადევნებდით თვალს საარჩევნო კამპანიას. აქ ვართ ხმის მიცემის დღეს და გავაგრძელებთ დაკვირვებას არჩევნების შემდგომ პერიოდზეც. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მკაფიო ანგარიშის გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვიცავთ საქართველოს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მოქმედ ყველა რეგულაციას. გვსურს, ჩვენი პოზიტიური წვლილი შევიტანოთ პანდემიის მართვაში და, რა თქმა უნდა, გვსურს უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი გუნდის ჯანმრთელობა დაცული იყოს, რათა საარჩევნო პერიოდის დასასრულს ყოვლისმომცველი ანგარიშის წარდგენა შევძლოთ.

ხვალ გავაკეთებთ დასკვნით განცხადებას. პრესკონფერენციას გავმართავთ ჩვენს პარტნიორებთან ეუთო-ს, ევროსაბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან. ჩვენ პრესკონფერენციაზე ერთად გავაკეთებთ წინასწარ განცხადებას და დაახლოებით რვა კვირაში გვექნება საბოლოო ანგარიში“, – განაცხადა ჯილიან სტირკმა.

მისი თქმით, საქართველოში ახალი საარჩევნო კანონმდებლობა მოქმედებს, რომელიც ზაფხულში ამოქმედდა ინტენსიური კონსულტაციების შედეგად და რომელშიც ჩართული იყო საერთაშორისო საზოგადოება.

„ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ახალი კანონმდებლობის განხორციელება. დაბალი ბარიერის გამო, უფრო მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და საარჩევნო პერიოდი უფრო დინამიურია“, – ჯილიან სტირკმა.