ჯიან „უზი“ ზიჰაომ კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა - მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია
ჯიან „უზი“ ზიჰაომ კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა - მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია

ჩინური გუნდი „როიალ ნევერ გივ აფის“ (Royal Never Give Up) „ბოტლეინერი“ ჯიან „უზი“ ზიჰაო კარიერას 23 წლის ასაკში ასრულებს. როგორც თავად სპორტსმენმა ჩინურ სოციალურ ქსელ „ვეიბოში“ (Weibo) დაწერა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია.


უზის პოსტის მიხედვით, კარიერის დასრულების მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სტრესი, ცუდი კვებისა და ძილის რეჟიმია. შარშან მას დიაბეტის დაუდგინეს და მიუხედავად იმისა, რომ „უზი“-მ საკუთარ ცხოვრების წესში ცვლილების შეტანა სცადა, მაინც უწევს კარიერის დასრულება. აგრეთვე, ჩინელ სპორტსმენს აწუხებდა მაჯის ტრავმები, რომელიც ხანგრძლივი დროით თამაშით განუვითარდა.

პროფესიონალური კარიერა მან სწორედ „როიალ ნევერ გივ აფში“, 2012 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესოდ მიიჩნეოდა. „ლიგ ოფ ლეჯენდს“-ის (League of Legends) მოთამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის (Worlds) სამ ფინალში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა გამარჯვება ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. მან კარიერის ერთადერთი საერთაშორისო ტიტული 2018 წლის „მიდ სიზონ ინვენთეიშენალ“-ზე (MSI) მოიპოვა.