„ლიგ ოფ ლეჯენდსის“ (League of Legends) მსოფლიო ჩემპიონატი - საპრიზო თანხა და მაყურებლების რაოდენობა
„ლიგ ოფ ლეჯენდსის“ (League of Legends) მსოფლიო ჩემპიონატი - საპრიზო თანხა და მაყურებლების რაოდენობა

ვიდეოთამაშების დეველოპერმა კომპანიამ „რაიოთ გეიმსმა“ (Riot Games) „ლიგ ოფ ლეჯენდსში“ (League of Legends) კვირას, ჩინეთში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის (Worlds) საპრიზო თანხა გაასაჯაროვა. კომპანიის მიხედვით, წლევანდელი საწყისი საპრიზო ფონდი 2.5 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და კიდევ  გაიზრდება, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც კომპანიამ გულშემატკივრების შემოწირულობებით მიიღო და ტურნირის საბაზო ბიუჯეტს დაემატება. პირველ ადგილზე გასულმა „დამვონ გეიმინგმა“ (Damwon Gaming) ფინალში ჩინური „სანინგი“ (Sunning) ანგარიშით 3:1  დაამარცხა და შედეგად საერთო საპრიზო ფონდის 25%-ს მიიღებს.

საინტერესოა, რომ არსებულ რეალობაში მაყურებლების რაოდენობამ მცირედით, მაგრამ მაინც დაიკლო – წელს მაყურებლების რაოდენობის პიკი „დამვონსა“ და „სანინგს“ შორის გამართულ ფინალზე დაფიქსირდა და 3.8 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც შარშანდელზე ზუსტად 100,000 მაყურებლით ნაკლებია. სამაგიეროდ, ტურნირის პლეი-ოფის სერიებს საშუალოდ 2.6 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. მაყურებლების რაოდენობის კლებას რამდენიმე ლოგიკური ახსნა აქვს, მათ შორის ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებთათვის, სადაც ელექტრონული სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია, მატჩები ძალიან ადრე, დილის საათებში იწყებოდა.

ტურნირის ფინალს შანხაიში ახლად აშენებულმა „პუდონგ სოქერ სთედიუმმა“ (Pudong Soccer Stadium) უმასპინძლა და სწორედ ეს იყო პირველი ღონისძიება არენაზე, რომელიც სამომავლოდ შანხაის საფეხბურთო კლუბის საშინაო სტადიონად იქცევა.