ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პროცესზე დაზარალებული სპეცრაზმელის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პროცესზე დაზარალებული სპეცრაზმელის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული სპეცრაზმელის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ბრალდებულებისა და დამსწრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა სპეცრაზმელის განცხადებას, რომ სამართალდამცველების მიერ დაზარალებული აქციის მონაწილეების შესახებ არ სმენია და მხოლოდ პოლიციელები ნახა დაშავებულები.

სასამართლო დარბაზში მყოფი ერთ-ერთი აქტივისტი ცდილობდა, მოწმისთვის დაშავებული ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების ფოტოები ტელეფონით ეჩვენებინა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქტივისტი პროცესიდან გააძევა.

სპეცრაზმელმა პროცესზე განაცხადა, რომ ფეხის დაზიანება 30 ნოემბერს აქციაზე მიიღო.

„თავდაპირველად აქცია იყო მშვიდობიანი, 22:30 საათისათვის აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. აქციის მონაწილეები ქვიან ბოთლებს, ქვებს, ფოიერვერკებს ისროდნენ. 9 აპრილის ქუჩის მხარეს, რკინის გისოსების სვეტებზე ამოდიოდნენ და ჩვენი მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ფოიერვერკებს. ორჯერ ფოიერვერკიც გამისკდა, მაგრამ გადავრჩი. ცდილობდნენ რკინის გისოსებიანი კარის გაღებას, შიგნით შემოსვლა უნდოდათ. ერთ-ერთი გადმოხტომის დროს, როდესაც 5-5 კაცი ერთმანეთს ანაცვლებდა, ერთ-ერთმა მომიტინგემ ქვა მესროლა, მომხვდა ფეხში. გონს რომ მოვეგე, ბიჭებმა ამიყვანეს, პირველადი დახმარება ავტობუსთან გამიწიეს, რობოკოპი გამხადეს. შემდეგ სასწრაფოსთან მიმიყვანეს. ფეხი მაშინვე გამისივდა, შარვლის გახდაც ვერ მოვასწარი, გაჭრა მოუწიათ. კოჭ-წვივი მქონდა ნაღრძობი. სასწრაფომ კლინიკაში გადამიყვანა. წაქცევისას თავი დავარტყი, მაგრამ დაზიანება არ მიმიღია, „კასკამ“ გადამარჩინა. ჩემი კოლეგები მძიმედ დაზიანდნენ. ერთ-ერთ სპეცრაზმელს ერთი ადგილი დაუწვეს ფოიერვერკით, მეორეს ზურგი ისეთი ათლილი ჰქონდა, ფეხებიდან ააჭრეს ხორცი და ჩააკერეს, ეს ჩემი თვალით ვნახე. ჩემთან შემოჰყავდათ ბაზაზე და თავად ვნახე ეს დაზიანებები. ფაქტს პირადად არ შევსწრებივარ. პირადად რასაც შევესწარი, იყო ის, რომ ქვის სროლით თვალი გაუხეთქეს სპეცრაზმელს“, – განაცხადა სპეცრაზმელმა სასამართლო სხდომაზე.

როგორც სპეცრაზმელმა აღნიშნა, ბრალდებულებს დანაშაული თუ დაუმტკიცდებათ, მათი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.

მან ასევე უპასუხა ადვოკატის შეკითხვას რობოკოპის დანომვრასთან დაკავშირებით. მოწმემ მიუთითა, რომ მისი რობოკოპი დანომრილი შიგნიდან იყო, რომ არ დაეკარგათ და გარედან არ ჩანდა.