ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძის საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მეგობარი ანა პეტროსიანი დაიკითხა.

როგორც პეტროსიანმა განაცხადა, ცეცხლაძის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა არ დაუნახავს. მისი თქმით, ცეცხლაძე სხვებს იცავდა ძალადობისგან და მასთან ერთად მყოფებს ეხმარებოდა. პეტროსიანმა განაცხადა, რომ სპეცრაზმის მიერ ცეცხლაძე ნაცემი იყო და დაზიანებები სახეზეც აღენიშნებოდა. მოწმემ ისიც განაცხადა, რომ ცეცხლაძის სახლში, სართიჭალას 8 ნომერში მრავალჯერაა ნამყოფი და არც „მოლოტოვის კოქტეილები“, არც კვერცხებში ჩასხმული საღებავები უნახავს, რასაც ბრალდებულს ედავებიან.

პეტროსიანმა დაკავებისას პოლიციელების მხრიდან უკანონობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებისას ცეცხლაძეს ორდერი არ წარუდგინეს, თავად მას კი მობილური სამართალდამცველებმა უკანონოდ წაართვეს.

“ზვიადს დალეწილი სახე ჰქონდა. ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, სურათიც მაქვს. ფეხი ჩაარტყეს სახეში და ძირს დაგდებულს სცემეს, ეს ვიცი ზვიადის გადმოცემით. სახეზე დასისხლიანებული იყო, ნაკაწრიც ჰქონდა და სათვალე გატეხილი ჰქონდა. ყოველთვის ცდილობდა, სხვა არ დაშავებულიყო, ვისთან ერთადაც იყო. რამე რომ ესროლა პოლიციისთვის, დავინახავდი. მშვიდობიანად იყო, გაწონასწორებული იყო, კონფლიქტი არ ჰქონია აქციებზე. პირიქით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენ მიმართ იყო პოლიციელების მხრიდან“, – განაცხადა პეტროსიანმა.

ამასთან, იკითხება დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე დავით კაკალაშვილი. დაცვის მხარის მოწმეთა ნაწილი პროკურატურამ უდავო გახადა და დასაკითხ პირთა სიიდან ჩაიხსნენ. 8 ბრალდებულს ნოემბერ-დეკემბერში აქციებისას – ჯგუფურ ძალადობაში, სამ მათგანს კი ძალადობის ორგანიზებაში ედავებიან.