ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე არეგისტრირებინებდნენ საწარმოებს და მათი საშუალებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდნენ ჯართის ფიქტიურ შესყიდვებსა და გაწერებს, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება.

გამოძიების ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 604 523 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.