ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის – 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს. ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ნ.ა.-ს და ა.ა.-ს კვალს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.