ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს როგორც პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ, მოატყუეს თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.