ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 1 ივლისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.