ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.