ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი დაცვის მხარისა და თავად ბრალდებულების საბოლოო სიტყვით გაგრძელდა.

სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რეზო კიკნაძემ.

როგორც კიკნაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, ვერ ხვდება, რა ედება ბრალად, მოწმეებს არაფერი უთქვამთ ბრალდებაზე, რომელი მუხლითაც ისჯება.

„თვეებია, ჩემი ბედი სრულიად უმიზეზოდ ჩემ გარეშე წყდება. იმედია, მიზეზს გავიგებ, მაგრამ რაც არ არის, როგორ გავიგებ? ტყვეობაში ვარ და ვერ ამოვხსენი, რა მედება ბრალად. ე.წ. მოწმეებს ვუსმინე და ვერ მივხვდი, რა არის ჩემი დანაშაული. თავად იჭერდნენ ხალხს უმიზეზოდ, გვასხამდნენ სპრეის და ჩვენ თავიც არ დაგვეცვა? გაზით დაგვწამლეს… ტელეფონების და საფულეების პარვა, ცემა და გინება – აი, რისთვის მოვიდნენ, ამათზე ამბობთ, სამართალდამცველები იყვნენო? კაცის საცემად დაქირავებული ვერასდროს იქნება პოლიციელი. ჩვენ თავი დასამალი არ გვქონდა, ვინც ამოიცნეს, ისინი დაგვიჭირეს. აქ მოსული ერთი მოწმეც კი არ არსებობს, ვინც შესაძლოა, დამეზიანებინა… არცერთ მოწმეს ისედაც არ გამოუშვერია ხელი ჩემკენ. ვნახე სამარცხვინო განცხადება და წამოვვარდი სკამიდან პარლამენტთან გასასვლელად, არავის ჩაუგდია ვიდეო, წამოდიო, ჩემით გავიქეცი და ფეხი არ მომიცვლია რვა ღამის მანძილზე. ქრისტე უპოვართა მფარველი იყო, თქვენ რატომ ხართ მოძალადეების მფარველი?

ნეიტრალურებს მივმართავ, სანამ დროა, გამოფხიზლდით, თვალს ნუ ხუჭავთ, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს… თორემ მოვა დრო და თქვენ გვერდით აღარავინ იქნება.. ორმა პირმა მეტროში გამაჩერა და წამართვეს ჩანთა, მითხრეს, აქციებზე რომ დადიხარ, ის დააშავეო… ამიყვანეს ზევით და ჩამსვეს მანქანაში. მძღოლმა თქვა, თავში წამოარტყით, არაფერი დაეტყობაო… წამიყვანეს ქალაქის გარეთ, ლისი იყო. იქ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, დაიწყეს ჩემი შანტაჟი, რიგითობით ყოფდნენ თავს მანქანაში, მაიძულებდნენ, დამეწერა სამი გვარი: გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია… ვითომ ისინი მავალებდნენ, მესროლა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდათ, ისინი მაძლევდნენ ფულს. ზეწოლა განყოფილებაშიც გაგრძელდა. რამდენიმე დღეში შეიძლება მომისაჯონ… მე მოსჯაზე მეტად ის მეწყინა, გარეთ თუ ბევრი ხალხი არ გამოვა, 100 ათასი და მეტი… როცა მედავებით ჯგუფურობას და ბრალს მდებთ, რომ ვიღაცამ დამაორგანიზა… უნდა მაჩვენო, თუ მაქვს წევრთან კავშირი, კონტაქტი, ორგანიზატორი თუ მაძლევს მითითებებს, თქვენივე მოწმეებს არ უთქვამთ ერთი სიტყვა ბრალდებაზე, რასაც გვაბრალებთ, რა მუხლითაც გვსჯით“, – განაცხადა კიკნაძემ, რომლის თქმითაც, ის შეწყალებას არ მოითხოვს.

გარდა ამისა, კიკნაძემ მიმართა საპატრიარქოსაც: „მივმართავ საპატრიარქოს. ეს ქვეყანა ორად არის გახლეჩილი, მუდამ გამარჯვებულის მხარეს რატომ აღმოჩნდებით ხოლმე? არადა, კონკრეტულ ვითარებაში დამარცხებული ყოველთვის თქვენ მიერ არის ხოლმე დალოცვილი –  შევარდნაძე, სააკაშვილი. რატომ არ ხართ შემრიგებელი, რატომ ხართ ყოველთვის მხარე?“

აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 3 სექტემბერს გაიმართება.