ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის პროცესზე ადვოკატებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის პროცესზე ადვოკატებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ჭიჭინაძის წინააღმდეგ საქმეში არსებული ორი ვიდეოდან პროკურატურას არცერთზე ჩაუტარებია ექსპერტიზა.
„ვიდეოებში პატარა მონაკვეთში ჩანს ის, რასაც პოლიციელი არ უნდა ჩადიოდეს. საშინლად იგინებიან, იმუქრებიან. ჩანს აგრესია სამართალდამცველების მხრიდან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელია მიიჩნევს, რომ პოლიციელები, შესაძლოა, გადაცმულმა და დაქირავებულმა ადამიანებმა დააზიანეს, რათა სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება მოეხდინათ.
„შსს თანხას უხდიდა გადაცმულებს, რომ ესროლათ პოლიციელებისკენ და გამოეწვიათ ძალის გამოყენება. ეს განცხადება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა გააკეთა, ვერცერთი ბრალდებული მათ ვერ ამოიცნეს“, – აღნიშნა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიას თქმით, რვა თვის განმავლობაში ვერ დაასრულა გამოძიებამ ექსპერტიზა ტელეფონებზე.
„ექსპერტიზა დასრულებული არ არის, რადგან ბრალდების მხარემ ვერაფერი ნახა. ბრალდებამ ხელოვნურად დააკავშირა ისინი, ნაცნობობაც კი არ ჰქონდათ“, – აღნიშნა ბესელიამ.
კიდევ ერთმა ადვოკატმა, ირაკლი ქერაშვილის უფლებადამცველმა, რევაზ აჭარაძემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ არცერთი მტკიცებულება არ არის წარდგენილი ისეთი, რომელიც ქერაშვილის მიმართ ბრალდებას დაადასტურებს.
„ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ დაასახელა, ვინ მიაყენა დაზიანება. დაზარალებულები განმარტავდნენ, რომ სიბნელიდან მოხვდათ რაღაც. ცენტრალურ გამზირზე სიბნელე არ არსებობდა. ქერაშვილს საფრთხის შექმნას ედავებიან, არ ედავებიან, რომ ვინმე დააზიანა. ჯგუფურობის მტკიცებულება არაფერია წარდგენილი. ბრალდება ამბობს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულები ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე და ვასილ კაძელაშვილი ჯგუფური ძალადობის გეგმას ამუშავებდნენ. რომელი მტკიცებულებით დადასტურდა ეს? თუ კობახიძის განცხადების გამო რომ მივიდა ხალხი რუსთაველზე, პარლამენტთან შეიკრიბა, ეს იყო დაორგანიზებული? ბრალდება ამბობს, ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებსო, რომელი მტკიცებულებით დასტურდება? ირაკლი ქერაშვილს რა როლი ჰქონდა?“ – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.