ჯესი სურმავა - „მერანის“გადმოცემის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს
ჯესი სურმავა - „მერანის“გადმოცემის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს

მარტვილის „მერანი“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გუნდი საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ გაყიდა, ახალი მფლობელი კი საქართველოს ნაკრებისა და ტულას „არსენალის“ მცველის, გია გრიგალავას მამა, მარტვილის გამგებელი ალეკო გრიგალავა გახდა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს საფეხბურთო კლუბ მარტვილის „მერანის“ მენეჯმენტის შეცვლის (კლუბის გასხვისების) პროცესი. „მერანის“ მენეჯმენტს სათავეში ჯესი სურმავა ჩაუდგება. კლუბში იგეგმება საინტერესო ცვლილებები „მერანის“ საკეთილდღეოდ“, – წერია „მერანის“ განცხადებაში.

კომენტარი ჯესი სურმავამ გააკეთა და კლუბის გასხვისება დაადასტურა, მაგრამ არა – გრიგალავას მონაწილება: „ვადასტურებ, აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლუბის გადმოცემის პროცესი. როგორც კი ყველა საკითხი ოფიციალურად გადაწყდება, საზოგადოებას გავაცნობ ჩემს გეგმებსა და იმ ცვლილებებს, რის განხორციელებასაც „მერანში“ ვაპირებ“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში უეფა-მ ევროპაში ფეხბურთის მასობრიობისთვის, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ზოგადად სამეგრელოს რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის განხორციელებული საქმიანობა ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, ხოლო სკოლის ხელმძღვანელს, ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო, ოქროს მედალი მიანიჭა. ასეთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან უპრეცედენტოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.