ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯენასი ამბობს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნა მცდარი გადაწყვეტილება იყო.
ნორვეგიელმა, რომელმაც 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუნაიტედის მაისურით გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს თასი მოაგებინა, გასული წლის დეკემბერში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შემდეგ, გუნდმა პირველი 11 მატჩიდან 10 მოიგო, რის გამოც გუნდის ხელმძღვანელობამ სოლსკიაერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ბოლო შვიდ მატჩში სტატისტიკა რადიკალურად შეიცვალა და იუნაიტედი ხუთ მათგანში დამარცხდა.
„მგონია, რომ ოლესთან მიმართებაში ყველაფერი ემოციებმა გადაწყვიტა, სერიოზულ საქმეში კი უფრო პრაგმატული მიდგომაა საჭირო“, – ამბობს ჯერმეინ ჯენასი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი ტოტენჰემ ჰოტსპურში გაატარა.
როდესაც სოლსკიაერი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, გუნდი მეექვსე ადგილზე იყო და პირველ ოთხეულს 11 ქულით ჩამორჩებოდა. დღეს მათი პოზიცია სატურნირო ცხრილში იგივეა, თუმცა მეოთხე ადგილზე მყოფ არსენალს გუნდი უკვე ორი ქულით ჩამორჩება.
ყველაზე ხმამაღალი გამარჯვება ნორვეგიელის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა ჩეპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოიპოვა, როდესაც სახლში პარი სენ-ჟერმენთან 0-2 დამარცხდა, სტუმრად კი 1-3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
მიუხედავად ამისა, ბარსელონას წინააღმდეგ მათი დაპირისპირება სრული ფიასკოთი დასრულდა და გუნდმა ორი მატჩის ჯამში 0-4 დათმო.
პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს მანჩესტერი 21 აპრილს ევერტონთან სტუმრად გამართავს.