ჯერალდ კონოლი - საქართველოს მხარდამჭერი აქტით აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას
ჯერალდ კონოლი - საქართველოს მხარდამჭერი აქტით აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას

ვირჯინიის შტატის კონგრესმენ ჯერალდ კონოლის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტით აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტის განხილვისას ჯერალდ კონოლმა მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორპარტიული აქტით აშშ ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის აგრესიას.

„კანონპროექტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მათ შორისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის აგრესიას, რომელიც ნამდვილად არ არის მხოლოდ თეორია. რუს სამხედრო მოსამსახურეებს ოკუპირებული აქვთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის მხრიდან ფიქსირდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შემთხვევები. მათ შორისაა მიმდინარე დაკავებები და მკვლელობები. რუსი სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაწევას“, – განაცხადა კონოლმა.

დოკუმენტის წარმდგენმა სიტყვით გამოსვლისას ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატო-ს საკვანძო პარტნიორია.

„მინდა, ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ საქართველო არის ნატო-ს კონტრიბუტორი ქვეყანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი და მჯერა, რომ ის ნატო-ს საკვანძო პარტნიორია“, – განაცხადა კონოლმა.

დატოვე კომენტარი