„ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილ პატიმარს სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობა აღენიშნებოდა
„ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილ პატიმარს სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობა აღენიშნებოდა

მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის ბაკა თავხელიძის განცხადებით, ქსნის საპატიმროდან მათთან შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო. ბაკა თავხელიძის თქმით, პატიმარი კლინიკაში გუშინ, საღამოს შეიყვანეს. პატიმარი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით ორ საათში დაიღუპა. პატიმარს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნებოდა. საპატიმროდან ჰოსპიტალში გადაყვანამდე კი, კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს გული რამდენჯერმე გაუჩერდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

პირველ არხს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ მსჯავრდებული ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგრც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა.

„მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მსჯავრდებულის გადაყვანა მცხეთის სამედიცინო დაწესებულება – „ჯეოჰოსპიტალში“. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლის პირველი ნაწილით.