ჯენ ფსაკი - 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან დაახლოებით ექვსი ათასი ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა
ჯენ ფსაკი - 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან დაახლოებით ექვსი ათასი ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა

14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან დაახლოებით ექვსი ათასი ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავღანეთში რჩება ამერიკელების მცირე ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის დატოვება სურს. ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება მუშაობს მათი ზუსტი რაოდენობის დასადგენად.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, ხელისუფლება ავღანეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს უკავშირდება როგორც ტელეფონით, ისე ტექსტური შეტყობინებებით, რათა გაარკვიოს, სურთ თუ არა მათ ქვეყნის დატოვება. მისი განმარტებით, ავღანეთში დარჩენილი ზოგიერთი ამერიკელი აშშ-ისა და ავღანეთის მოქალაქეობის მქონე პირია.

სულ აშშ-მა ავღანეთიდან 14 აგვისტოს შემდეგ 122 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.