ჯემალ ლეონიძე - „ვითიბი ბანკში“, „რესპუბლიკა ბანკში“ მაფრთხილებდნენ, რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობითო
„ვითიბი ბანკში“, „რესპუბლიკა ბანკში“ მაფრთხილებდნენ, რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობითო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ განაცხადა.
ლეონიძის თქმით, „ვითიბი ბანკსა“ და „რესპუბლიკა ბანკში“ სესხსაც სთავაზობდნენ „თიბისის“ თანხის გადასაფარად.
ამასთან, მისივე განცხადებით, 52 ავტოგასამართი სადგურიდან და ოთხი ნავთობბაზიდან ბოლო ქონების გადაცემაზე ნოტარიუსთან ხელმოწერის შემდეგ ის დააკავეს.
„რა თქმა უნდა, მონაწილე ვარ იმ დანაშაულის. 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება, 52 მოქმედი ავტოგასამართი სადგური მქონდა მაგ დროს და ოთხი ნავთობბაზა. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ამას დრო უნდა, რომ ქონებები გადაიტანო კომპანიებში. ჩემი დანაშაული რა არის, რომ 29 მლნ 600 ათას დოლარიანი შეთანხმება ქაღალდზე ავსახოთ 11 მლნ დოლარადო. მივყვები ყველაფერზე. რატომ? წარმომადგენელი გიორგი ასლანიკაშვილი ამბობს, ასე თქვეს ჩემებმაო, ჩემებმა – ჯაფარიძე იყო. მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი. ასე თქვეს, რომ ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვა-გაყიდვის დროს, დიდი თანხა უწევდა, რატომ დავკარგოთო. მიბმულია ის თემები, რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი და დღევანდელი კანონმდებლობით, მაგრამ ინიციატორი იყო, წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის.
გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 11 მლნ დოლარად. ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის ამ თანხაში. აქ თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“ და დანარჩენ ბანკებთან მე რომ მქონოდა ზედმეტი დამაჯერებლობა, ყველა მაფრთხილებდა. მე შემიძლია, დავასახელო გვარები: კაცია – „ვითიბი ბანკში“, ალავიძე – „რესპუბლიკა ბანკში“, რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი, ისე გავაკეთოთ, გინდათ, სესხს მოგცემთო. „რესპუბლიკა ბანკი“ მეუბნებოდა, მოგცემთ „თიბისი ბანკის“ გადასაფარ თანხას, ოღონდ მაგათ დაანებე თავიო. შეყოფილი მქონდა თავი და ვერაფერს ვიზამდი. ზედმეტი დამაჯერებლობისთვის თუ გარანტიისთვის, გავაკეთეთ, რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ. ანუ ჩემი იყო, მაგრამ 10 პროცენტი იყო „რესპუბლიკა ბანკზე“, 10 პროცენტი – „ვითიბი ბანკზე“, იყო სამხარაძეზე, იყო ერთ კრედიტორზე კიდევ, მე დამრჩა 25 პროცენტი, ისიც ჩემს ახლობელზე მქონდა გაფორმებული. ბოლო ქონების გადაცემას მოვაწერე ხელი, ამ 52 ავტოგასამართი სადგურიდან და ოთხი ნავთობბაზიდან ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ლეონიძის ბაზას ეძახდნენ, დღეს „გალფი“ აწერია. ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსში, იმ დღეს დამაკავეს“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.
ამასთან, ლეონიძემ სხდომაზე ციხეში ყოფნის პერიოდზეც ისაუბრა.
„ჩემს ოჯახს ჩემი ციხეში ყოფნის დროს არავინ დახმარებია. ერთ კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში. მამუკა ხაზარაძე დღეს მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს, ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდოა ის კაცი და მიხედეთო. ის ჩემი მოწილე იყო, მემორანდუმზეა დაფიქსირებული“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.