ჯემალ ინაიშვილი - გამართული ინფრასტრუქტურა აუცილებელია, რომ ქვეყანამ თავისი ეკონომიკური პოლიტიკა სწორად განახორციელოს, რაც ბიზნესს შეუწყობს ხელს
მშრალი პორტის პროექტის პირველი ფაზა 100 000 კონტეინერზეა გათვლილი. მეორე ფაზაში იგეგმება კონტეინერების რაოდენობის 200-მდე გაზრდა, პარალელურად, A კლასის საწყობების მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მშრალი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საექსპორტო ტვირთების გარკვეული რაოდენობა ამ კონტეინერებში მოთავსდება, რის შემდეგაც მოხდება ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში.
„ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10 000 კვ.მ ფართობის საწყობს, ამას დაემატება კიდევ 50 000 კვ.მ ფართობის თანამედროვე, A კლასის საწყობები. იმპორტს რაც შეეხება, ფოთი და ბათუმი ემსახურება საიმპორტო ტვირთებს. საქართველოს საექსპორტო ტვირთების გარკვეული რაოდენობა აქ მოთავსდება კონტეინერებში, შემდეგ მათი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში მოხდება. ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის, ამ მიმართულებითაც გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, მათ შორის, ჩინელებთან. ჩინური ტვირთი გარკვეული რაოდენობით შემოვა, აგრეთვე ყაზახეთიდან, ჩვენი უახლოეს მეზობლებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. შემოვა ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება კონტეინერით“, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში შემოსული ძირითადი იმპორტი თბილისზე მოდის, შესაბამისად, ტვირთი უნდა ყოფილიყო ახლოს მთავარ სარკინიგზო კვანძთან, მეზობელ ქვეყნებთან, საიდანაც ხორციელდება ექსპორტი.
„ძირითადად იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენი საექსპორტო ბაზა არის ცენტრალურ აზიაში, მეზობელ ქვეყნებში, ამიტომაც იყო საჭირო, პორტი თბილისში ყოფილიყო განთავსებული, თბილისს ასეთი ტიპის ტერმინალი და ჰაბი არ გააჩნდა. საქართველოში შემოსული ძირითადი იმპორტი თბილისზე მოდის, შესაბამისად, უნდა ვყოფილიყავით ახლოს მთავარ სარკინიგზო კვანძთან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, საიდანაც ხორციელდება ექსპორტი, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. თბილისთან ბათუმს და ფოთს ვაახლოებთ, ასევე ტვირთის მიმღებებს, რომლებიც შეძლებენ თავიანთი კონტეინერის თბილისში მიღებას. გამართული ინფრასტრუქტურა აუცილებელია, რომ ქვეყანამ თავისი ეკონომიკური პოლიტიკა სწორად განახორციელოს, რაც ბიზნესს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.