ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოთხ თვეზე მეტია, გალის რაიონის მოსახლეობა დევნილის შემწეობას და პენსიას ვერ იღებს
ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოთხ თვეზე მეტია, გალის რაიონის მოსახლეობა დევნილის შემწეობას და პენსიას ვერ იღებს

გალის რაიონში საქმე გვაქვს საშინელ ჰუმანიტარულ კატასტოფასთან, – ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავრცელებს. ჯემალ გამახარიას განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვინაიდან სოხუმის დეფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის საბაბით ჩაკეტა ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე, ისედაც გაუსაძლის პირობებში მცხოვრები გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

მისი თქმით, გარესამყაროსგან მოწყვეტილ ადამიანებს ოთხ თვეზე მეტია, ხელი არ მიუწვდებათ დევნილის შემწეობის თანხაზე და პენსიაზე, რადგან ამ თანხებს ისინი ზუგდიდში ან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმიერ ადგილზე იღებდნენ. როგორც გამახარია ამბობს, სხვა შემოსავალი მათ არა აქვთ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს, მთელი რაიონი წამლების მწვავე დეფიციტს განიცდის.

„საქმე გვაქვს ნამდვილ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ უამრავმა შიმშილით სიკვდილს გამოქცეულმა ადამიანმა, ასევე აბიტურიენტთა და სტუდენტთა ნაწილმა სხვადასხვა შემოვლითი გზებით, მათ შორის მდინარე ენგურის გადმოლახვით, ძლივს მოაღწიეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სახიფათო მცდელობები მომავალშიც იქნება. ეს ვითარება თუ არ გამოსწორდა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები აუცილებლად გააგრძელებენ მდინარე ენგურის გადალახვით და ფარული გზებით ზუგდიდში გადმოსვლის მცდელობებს, რაც ნამდვილად დიდი საფრთხის შემცველია და გამორიცხული არ არის ადიდებულ მდინარეში უბედური შემთხვევებით დასრულდეს. მოსალოდნელი ტრაგედიის პრევენციისა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი გალელების მხარდაჭერის მიზნით აუცილებელია ყველა დონეზე რადიკალური ზომების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გალის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა, თუ მოხერხდება, კუთვნილი შემწეობებისა და პენსიების, ასევე საკვები პროდუქტების მიწოდება. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ღონეს მიიღებს გალის რაიონში ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად შექმნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების თუნდაც ნაწილის გადასაჭრელად“, – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

დატოვე კომენტარი