ჯეიმსი ცსკა-ს დაუბრუნდა, შენგელია ბომბარდირია [ვიდეო]

ცსკა-ს მაიკ ჯეიმსი დაუბრუნდა. ამერიკელ გამთამაშებელს პაპა გარდაეცვალა, სამშობლოში კი არ გაუშვეს და მოვლენები ისე განვითარდა, მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაწერა – ჯეიმსი მოკვეთილიაო. თუმცა რუსებსაც კარგად ესმით, რომ ჯეიმსის გარეშე ევროლიგას ვერ მოიგებენ, თავად ჯეიმსმაც გააანალიზა, რომ ამ ეტაპზე გუნდის გამოცვლა არ ივარგებდა და დარჩა.

ვითიბი ლიგაზე, პოლონურ „ზელონა გორასთან“ მატჩში მან 13 წუთი ითამაშა, ცსკა-ს ბომბარდირი კი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 22 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 12 ორქულიანი და 14 საჯარიმო სტყორცნა, 7-7 ჩააგდო.

გაბრიელ ლუნდბერგისა (26 ქულა) და კრის რიჩარდსის (25 ქულა) წინამძღოლობით „ზელონა გორამ“ ცსკა 93:90 დაამარცხა.

შენგელიას გუნდს ვითიბი ლიგაზე 13 მატჩიდან 10 აქვს მოგებული და „ზენიტის“ შემდეგ მეორე ადგილზეა.