ჯეიმს მატისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას, გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება
ჯეიმს მატისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას, გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას, გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს”, – განაცხადა ჯეიმს მატისმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.

მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება – “ამერიკა საქართველოს გვერდით დგას”.

„ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.