ჯეიმს კლევერლი - დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს საქართველო ძლიერ, მაგრამ ღია და სამართლიან დემოკრატიად, რომელიც მჭიდროდ ინტეგრირებული ხდება თავის მეგობრებთან ევროპაში
ჯეიმს კლევერლი - დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს საქართველო ძლიერ, მაგრამ ღია და სამართლიან დემოკრატიად, რომელიც მჭიდროდ ინტეგრირებული ხდება თავის მეგობრებთან ევროპაში

ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია, იმოქმედოს, რათა დააჩქაროს ინტეგრაცია ევროკავშირთან, ნატო-სთან და გააგრძელოს ძლიერი მუშაობა დიდ ბრიტანეთთან, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში ვიზიტის დასრულებისას, თბილისის აეროპორტში ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯეიმს კლევერლის კითხვა დაუსვეს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რა კონკრეტული მესიჯები გადასცა და იყო თუ არა საუბარი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილზე.

„მე განვიხილე მედიის თავისუფლების მნიშვნელობის საკითხი. ვთქვი, რომ ეს არის თავდაჯერებული მთავრობების ნიშანი და მაღალეფექტიანი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გაქვთ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ლანდშაფტი, თავისუფალი, სამართლიანი, ღია საზოგადოება და მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ეს არის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ. შეუსაბამო იქნებოდა ჩემი მხრიდან კონკრეტული პირების საქმეებზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებელი სასამართლო, სწრაფი და გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესი არის ის, რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყველა ქვეყანა და რასაც საქართველო უნდა უჭერდეს მხარს. დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს საქართველო ძლიერ, მაგრამ ღია და სამართლიან დემოკრატიად, რომელიც უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ხდება თავის მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპაში. ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია, იმოქმედოს, რათა დააჩქაროს ინტეგრაცია ევროკავშირთან, ნატო-სთან და გააგრძელოს ძლიერი მუშაობა დიდ ბრიტანეთთან“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სურვილის დიდი ხნის მხარდამჭერია.

„როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ჩამოვიდა აქ 1980-იანი წლების ბოლოს, ეს იყო ის, რასაც მან მხარი დაუჭირა და დიდი ბრიტანეთი ამ სვლას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უჭერდა მხარს. ჩვენ გვსურს, ეს მოგზაურობა გაგრძელდეს, გვსურს, ვიხილოთ ნამდვილად ჩამოყალიბებული დემოკრატია და გვინდა, ვნახოთ მაღალფუნქციონირებადი დემოკრატია აქ, საქართველოში. გვინდა, ვიხილოთ, რომ საქართველო განაგრძობს თავის სვლას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი. ჩვენ განვაგრძობთ ამის მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, რომ ეს მოგზაურობა უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადოს. როგორც აღვნიშნე, ამისთვის საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობა და სწრაფად ჩატარება, ასევე ღია მედიაგარემო, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის არსებობა და კონკურენტული, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატები. ყველაფერი ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს და საქართველოს შიგნით პოლიტიკურ პარტიებს საჯაროდ გაცხადებულ სურვილთან დაკავშირებით, გააგრძელონ თავიანი სვლა, ინტეგრაცია ევროპასა და ნატო-სთან“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.