ჯეიმს აპატურაის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პირველ არხთან [ვიდეო]

სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში იმყოფება, რომელიც შეხვედრებს მართავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთან. ეს არის აპატურაის ბოლო ვიზიტი საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. ჩამოსვლის მიზნებსა და მოლაპარაკებების მთავარ თემებზე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ამ რანგში ეს აპატურაის ბოლო ოფიციალური ინტერვიუა.

აპატურაი იქნება უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, იმუშავებს ე.წ. ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ინტერვიუში აპატურაი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს წარმატებამ შედეგი გამოიღო და ახლა საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირეა. მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი არის რეფორმების წახალისება, რაც ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან დაახლოებს.

როგორც აპატურაი ამბობს, ნატო-ში გაწევრიანებამდე საქართველო აუცილებელად მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას, თუმცა როგორც ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, მისი აზრით, MAP-ის მიღების შემდეგ საქართველოს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს და მალევე გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

აპატურაის თქმით, ალიანსში მსჯელობენ ღია კარის პოლიტიკის განმტკიცებაზე და ეს საკითხი განხილვის თემა იქნება როგორც დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ისე მომავალ წელს, მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების სამიტზე.