ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა
ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

შეხვედრა საგარეო უწყებაში გაიმართა და განხილვის მთავარი თემა ნატო-საქართველოს სამომავლო გეგმები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ერთობლივი წვრთნები იყო.

ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრის დაწყებამდე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პოზიტიური შეფასებების მიუხედავად, ხარვეზებიც დაფიქსირდა, რაზეც ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაა საჭირო.

მან ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს არჩეულ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. ასევე ჩვენ გვექნება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება საუბარი. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებაში მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ხვდება.