ჯეიმს აპატურაი - საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რითაც საშუალება მისცა აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეთანხმებულიყვნენ მძევლებისა და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლაზე
ჯეიმს აპატურაი - საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რითაც საშუალება მისცა აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეთანხმებულიყვნენ მძევლებისა და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლაზე

ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია საქართველოს დასახმარებლად, მაგრამ ამავე დროს მადლიერები ვართ იმ კონსტრუქციული როლის გამო, რომელიც საქართველომ შეასრულა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია ფუნდამენტურად შეიცვალა.

„ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც მსურს, არის კომპლიმენტი ვუთხრა საქართველოს მთავრობას, რადგან მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რითაც მისცეს საშუალება აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეთანხმებულიყვნენ მძევლებისა და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლაზე. ამით საქართველომ აჩვენა, თუ რამდენად ღირებულია მისი წვლილი რეგიონულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს გარშემო მეტი რუსი სამხედროა.

„ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ იმან, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში ომის დროს და შემდეგაც, საქართველოს უსაფრთხოების სიტუაცია არ გააუმჯობესა. ახლა რუსეთის სამხედროები არიან აზერბაიჯანში და უფრო მეტი რუსი სამხედროა საქართველოს გარშემო. გულწრფელი რომ ვიყოთ, მივიჩნევ, რომ აზერბაიჯანიც დროებით მოვლენად განიხილავს რუსების იქ ყოფნას. როგორც ვიცი, საუბარია ხუთწლიან პერიოდზე. ჩვენ განვიხილავთ ამ სიტუაციას ქართველ კოლეგებთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცოტა ხნის წინ იყო ნატო-ში და ამ თემაზე ვიმსჯელეთ. მეც ვისაუბრებ ამ თემაზე საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია საქართველოს დასახმარებლად, მაგრამ ამავე დროს მადლიერები ვართ იმ კონსტრუქციული როლის გამო, რომელიც საქართველომ შეასრულა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.