ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია
ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია

სალომე ზურაბიშვილი არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი, – ასე აფასებს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი  საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ამის თქმის საფუძველს ნატო-ს წარმომადგენელს „Financial Times”-ში გამოქვეყნებული ზურაბიშვილის სტატია აძლევს.

„საერთაშორისო საზოგადოება მომავალ პრეზიდენტს მრავალი წელია ვიცნობთ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩათვლით. ის არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი. მე ვნახე მისი გამოცემები „Financial Times”- ში, სადაც საუბრობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მის მიერ გაწეულ უდიდეს ძალისხმევაზე. მოუთმენლად ველოდები ხვალ მასთან შეხვედრას. რაც ჩვენ მის გამოცემაში ვნახეთ და აგრეთვე რაც მასთან პირად საუბრებში მოვისმინეთ, მარწმუნებს, რომ გააკეთებს იმას, რაც თქვა, აღასრულოს ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სტატია „Financial Times”-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მისი გამარჯვება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებაა, რუსეთთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ჩრდილოელ მეზობელს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. სტატიაში ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ის ქვეყანაშ დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის გარანტორი იქნება.