ჯეიმს აპატურაი - რაც მოხდა აზოვის ზღვასთან, არის კიდევ ერთი დასტური, როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო სამართალს და აშინებს მეზობელ სახელმწიფოებს
ჯეიმს აპატურაი - რაც მოხდა აზოვის ზღვასთან, არის კიდევ ერთი დასტური, როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო სამართალს და აშინებს მეზობელ სახელმწიფოებს

რუსეთის ინტერესი შავ ზღვაზე ნათელია. რუსეთის აგრესიული ნაბიჯების შემადგენელი ნაწილია ყირიმში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის შეყვანა, რათა შეგვიზღუდოს და ჩვენთვის უფრო სარისკო გახადოს შავ ზღვაში გადაადგილება, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მოხდა აზოვის ზღვასთან ახლოს, არის კიდევ ერთი დასტური და მაგალითი, თუ როგორ არღვევს რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და აშინებს მეზობელ სახელმწიფოებს.

ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხია ნატო-სთვის.

„ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე საქართველოსთან, ვაფასებთ არსებულ სიტუაციას და საქართველოსთან ვაღრმავებთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველომ ნატო-ს შესთავაზა ძალიან ბევრი იდეა და პარტნიორი საქართველოს მიერ ნატო-სთვის შეთავაზებულ ბევრი იდეის უკვე იმპლემენტაცია ხდება. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა ღირებულია, ძვირფასია და ვაგრძელებთ საქართველოსთან საუბარს და საქართველოსთან ერთად მსჯელობას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა​ ასევე აღნიშნა, რომ ნატო-მ გაავრცელა განცხადება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის თაობაზე, რომელიც უკრაინული გემებისა და უკრაინელი მესაზღვრეების დაკავებას უკავშირდება.

„ნატო შეშფოთებულია და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს გადადგმული ნაბიჯების გამო და მოუწოდებს გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებისაკენ. მაღალია დაძაბულობის დონე და ჩვენ არ ვიცით, რუსეთი აპირებს თუ არა, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ნატო ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას და აქვს იმედი, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.