ჯეიმს აპატურაი - ნატო უკვე ეხმარება საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში და ვეცდებით, გავაკეთოთ მეტი
ჯეიმს აპატურაი - ნატო უკვე ეხმარება საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში და ვეცდებით, გავაკეთოთ მეტი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ნატო მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება.

როგორც აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ახალი კორონავირუსის პანდემია ნატო-ს შტაბბინაშიც ნომერ პირველ თემად იქცა.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა სახის პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, პარტნიორებსაც. ეს აერთიანებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე გადავდგით და ახლაც ვდგამთ, რაც, მაგალითად, არის ნატო-ს მიერ სამედიცინო საშუალებების ტრანსპორტირება, ნატო-ს დახმარება საველე ჰოსპიტლების მოწყობაში. მოკავშირეები ერთმანეთს საჭირო სამედიცინო საშუალებებით ეხმარებიან, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ნატო-ს წევრებს. ეს ეხება პარტნიორ სახელმწიფოებსაც“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატო-ს აქვს „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინირების ევროატლანტიკური ცენტრი“, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე სამოქალაქო რეაგირების საკითხებზე მუშაობს მთელ ევოატლანტიკურ სივრცეში. აპატურაის განმარტებით, აღნიშნული ცენტრი განკუთვნილია არამხოლოდ ნატო-ს წევრებისთვის, არამედ პარტნიორებისთვისაც.

„ეს ცენტრი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იმ მოკავშირეებისა და პარტნიორების მოთხოვნების კოორდინირებას ახდენს, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და ეძებენ. ეს ცენტრი აკავშირებს ერთმანეთთან იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას და მათ, ვისაც მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლიათ. მაგალითად, იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ დამატებითი მარაგი და შეუძლიათ მათი გაგზავნა სხვა ქვეყნებში. ჩვენი ცენტრი ამ პროცესში ტვირთის ტრანსპორტირების კოორდინირებას ახდენს. საქართველომ აპრილის თვეში ნატო-ს ცენტრში გამოგზავნა მხარდაჭერის მოთხოვნა და პოლონეთმა დახმარების სურვილი გამოთქვა. პოლონეთმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს გაუგზავნა საველე კარვების სადეზინფექციო და გათბობის საშუალებები. ნატო ასევე ინფორმირებულია, რომ საქართველოსგან არის კიდევ მოთხოვნა და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, თუ მოხერხდება დონორებისა და დახმარების მსურველთა დაკავშირება. ასე რომ, ნატო უკვე ეხმარება საქართველოს და მეტის გაკეთებას ვეცდებით“, – დასძინა ჯეიმს აპატურაიმ.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ კვირას, 3 მაისს, „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

დატოვე კომენტარი