ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში იმუშაოს პოლიტიკურმა პროცესმა, რათა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პარლამენტმა და მთავრობამ იმუშაონ
ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში იმუშაოს პოლიტიკურმა პროცესმა, რათა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პარლამენტმა და მთავრობამ იმუშაონ

ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ვიმყოფები, რადგან პოლიტიკური ვითარება საქართველოში არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში იმუშაოს პოლიტიკურმა პროცესმა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონირონ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ვიმყოფები, რადგან პოლიტიკური ვითარება საქართველოში არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ყურადღებით აკვირდება. თქვენ ყველა ხედავთ, რამდენად აქტიურები არიან ნატო-ს ქვეყნები აქ, კერძოდ, აშშ-ის ელჩი და ნატო-ს ყველა ქვეყანა. ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა იმუშაოს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონირონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებული რეფორმები სრულდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელზეც ევროკავშირის დახმარებით შეთანხმდნენ. ასევე მოხარულები ვართ ვიხილოთ, რომ პროგრესია სასამართლო რეფორმის კუთხით. ვიცი, რომ აშშ-ის ელჩი აქტიურია ამ მიმართულებით. მოვლენები ვითარდება სწორი გზით და ეს არის კარგი ამბავი პირველ ყოვლისა ქართველებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ რეფორმების განხორციელება, და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატო-სთან დასაახლოებლად, ნატო-ში შესასვლელად, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა იფუნქციონიროს და ჩვენ ვხედავთ პროგრესს ამ კუთხით“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.