ჯეიმს აპატურაი - ნატო-ში დაგეგმილი შეხვედრა​ კარგი შესაძლებლობა იქნება, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისადმი
ჯეიმს აპატურაი - ნატო-ში დაგეგმილი შეხვედრა​ კარგი შესაძლებლობა იქნება, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისადმი

ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა არის დროული იმ მოვლენების გათვალისწინებით, რასაც ადგილი აქვს შავ ზღვაში, აზოვის ზღვასთან ახლოს, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანია და კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებისთვის.

„ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და ნატო-სთვის. ეს შეხვედრა არის დროული იმ მოვლენების გათვალისწინებით, რასაც ადგილი აქვს შავ ზღვაში აზოვის ზღვასთან ახლოს. რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უკრაინის გემებისა და უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ ძაბავს სიტუაციას და არის მორიგი მცდელობა, რომ მოსკოვმა მოახდინოს კონტროლის კონსოლიდაცია მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიაზე. შეხვედრა, რომელიც ნატო-ში შედგება, იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოსა და უკრაინაში ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე რეფორმებს.

„დარწმუნებული ვარ, ორგანიზაციის წევრები საქართველოსა და უკრაინას მადლობას გადაუხდიან იმ წვლილისთვის, რომელიც ამ ქვეყნებს შეაქვთ ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებსა და ოპერაციებში. ნატო მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენს მისიებში და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამ შეხვედრას აქვს გამორჩეული კონფიგურაცია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველოს დახმარებას და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გავაგრძელებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში ყველა დონეზე მუშაობას, რათა მივაღწიოთ ნატო-სა და საქართველოს მიერ ერთობლივად დასახულ მიზნებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის სხდომა 4-5 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.