ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს
ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს

ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ადგილი, სადაც უნდა იმსჯელონ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნატო-ში ვიზიტის დროს ხაზი გაესვა ფუნდამენტურად ძლიერ პარტნიორობას საქართველოსა და ნატო-ს შორის. საქართველოს მადლობა გადაუხადეს და ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ ასპირანტი ქვეყნის წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამო, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან, პოლიტიკური პარტიები აუცილებელია, შეთანხმდნენ და ამისთვის ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ, აუცილებელია, საქართველოში რეფორმები გაგრძელდეს, ეს რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს, ქვეყანას, რომელიც მიიწევს ნატო-ს მომავალი წევრობისკენ, ამას სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი პოლარიზებული სისტემა, როგორიც დღეს არის საქართველოში. ნატო-ს წევრი ქვეყნები არ მიმართავენ პარლამენტის ბოიკოტირებას ასეთი გახანგრძლივებული ვადით. ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ეს მესმის, მაგრამ ადგილი, სადაც ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა.

ნატო-დან გზავნილი ასეთია, ნატო არ არის ჩართული პროცესში და ასეთი ხასიათის კრიზისის გადაჭრაში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეამცირონ ან აღმოფხვრან ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება და შეთანხმდნენ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ ინიციატივების პაკეტზე, რადგან დანიელსონმა იცის, რასაც აკეთებს. ეს დოკუმენტი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური შეხვედრების შემდეგ შედგა. პროცესი ძალიან გაგრძელდა და დიახ, მე ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ახლა ინიციატივა საქართველოდან უნდა წამოვიდეს. ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა გამოავლინა, მაგიდაზეა წინადადებები და ახლა პოლიტიკური ნებაა საჭირო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.